
საფრანგეთი უკვე ათწლეულებია, ერთ-ერთი მთავარი დანიშნულების ადგილია იმ ადამიანებისთვის, რომლებიც საკუთარ ქვეყანაში დევნისგან, ომისგან ან არაადამიანური მოპყრობისგან თავის დაღწევას ცდილობენ. თუმცა, თუკი უცხოელ მოქალაქეებს აღარ აქვთ ლეგალური ცხოვრების უფლება საფრანგეთში, უარი მოუვიდათ OFPRA ან CNDA-დან ან ოჯახური პირობებისა თუ სხვა ნებისმიერი მიზეზის გამო სურთ სამშობლოში დაბრუნება, ამის ორგანიზებულად და უსაფრთხოდ განხორციელება სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში შეუძლიათ.
ნებაყოფლობითი დაბრუნების პროგრამა საფრანგეთში: დეტალური გზამკვლევი
საფრანგეთი უკვე ათწლეულებია, ერთ-ერთი მთავარი დანიშნულების ადგილია იმ ადამიანებისთვის, რომლებიც საკუთარ ქვეყანაში დევნისგან, ომისგან ან არაადამიანური მოპყრობისგან თავის დაღწევას ცდილობენ. თუმცა, თუკი უცხოელ მოქალაქეებს აღარ აქვთ ლეგალური ცხოვრების უფლება საფრანგეთში, უარი მოუვიდათ OFPRA ან CNDA-დან ან ოჯახური პირობებისა თუ სხვა ნებისმიერი მიზეზის გამო სურთ სამშობლოში დაბრუნება, ამის ორგანიზებულად და უსაფრთხოდ განხორციელება სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში შეუძლიათ.
ნებაყოფლობითი დაბრუნების პროგრამას (Retour Volontaire), იგივე სტოპის დაწერას, მართავს საფრანგეთის იმიგრაციისა და ინტეგრაციის ოფისი (OFII). ეს არის სახელმწიფო ინიციატივა, რომელიც ფინანსურ და ადმინისტრაციულ დახმარებას ითვალისწინებს.
ვის შეუძლია პროგრამით სარგებლობა?
პროგრამით სარგებლობა შეუძლიათ პირებს, რომლებიც:
- არალეგალურ მდგომარეობაში იმყოფებიან საფრანგეთში.
- მიიღეს OQTF, იგივე დატოვე ქვეყანა (Obligation de quitter le territoire français – საფრანგეთის ტერიტორიის დატოვების ვალდებულება) ან ITF (Interdiction de territoire français – საფრანგეთის ტერიტორიის დატოვების აკრძალვა).
- არიან თავშესაფრის მაძიებლები, მაგრამ უარი ეთქვათ თავშესაფრის მოთხოვნაზე OFPRA-ს ან CNDA-ს მიერ, ან ნებისმიერი სხვა მიზეზ(ებ)ის გამო არ სურთ პროცესის გაგრძელება.
- იმყოფებიან საფრანგეთის ტერიტორიაზე მინიმუმ 6 თვის განმავლობაში.
- არ უსარგებლიათ ამ პროგრამით აქამდე (დახმარება გაიცემა მხოლოდ ერთხელ).
რას ნიშნავს „სტოპის დაწერა“?
სტოპის დაწერა ნიშნავს, რომ თავშესაფრის მაძიებელი ოფიციალურად ატყობინებს OFPRA-ს, რომ სურს თავშესაფრის მოთხოვნის პროცესის შეწყვეტა (retrait de la demande d’asile). ეს განცხადება შეიძლება გაკეთდეს როგორც OFPRA-სთვის გაგზავნილი წერილით, ასევე OFII-ის ოფისში ვიზიტის დროს. განაცხადის შეწყვეტა ავტომატურად აძლევს პირს ნებაყოფლობითი დაბრუნების პროგრამით სარგებლობის უფლებას.
პროცედურა: ეტაპობრივი გზამკვლევი
- დაუკავშირდით OFII-ს: მიმართეთ თქვენს საცხოვრებელ ადგილთან ყველაზე ახლოს მდებარე OFII-ის ადგილობრივ ოფისს. შესაძლოა, საჭირო გახდეს წინასწარი ჩაწერა. OFII-ს მისამართები და ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ ქვემოთ
- შეხვედრა მრჩეველთან: OFII-ის მრჩეველი თქვენთან ერთად განიხილავს თქვენს პირად სიტუაციას, მოტივაციასა და სამომავლო გეგმებს.
- დოკუმენტების წარდგენა: უნდა წარადგინოთ მოქმედი პასპორტი ან სხვა პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი. თუკი პასპორტი არ გაქვთ, OFII-ის მრჩეველი დაგეხმარებათ საქართველოს საკონსულოდან სამშობლოში დასაბრუნებელი მოწმობის მოპოვებაში. პროცესს ბევრად ამარტივებს და აჩქარებს, თუკი ამ მოწმობას თავად გააკეთებთ (იხილეთ სტატია „საქართველოში დასაბრუნებელი დროებითი მოწმობა ან როგორ ავიღოთ პასპორტი საქართველოს საელჩოში“).
- ფინანსური დახმარება: OFII სრულად იხდის მგზავრობის ხარჯებს (ბილეთები, ტრანსპორტი) და გასცემს ფულად დახმარებას.
- ლოგისტიკური მხარდაჭერა: OFII-ის თანამშრომელი ორგანიზებას უწევს თქვენს გამგზავრებას, ყიდულობს ავიაბილეთებს და, საჭიროების შემთხვევაში, უზრუნველყოფს ტრანსპორტს აეროპორტამდე.
რამდენი ბარგის წაღება შემიძლია?
გამგზავრებამდე OFII გადმოგცემთ გამოძახების ფურცელს, სადაც მითითებულია ნებადართული ბარგის წონა და რაოდენობა. ეს ყველაფერი დამოკიდებულია საავიაციო კომპანიებზე და კონკრეტულ მიმართულებაზე. ამიტომ, აუცილებელია ინფორმაციის გადამოწმება, რათა ზედმეტი ბარგი არ დაგიგროვდეთ. პრაქტიკიდან გამომდინარე, ბარგი ერთ ადამიანზე შეადგენს 20 კილოგრამს, თუმცა ხშირად ასევე დასაშვებია ბარგის გადამეტება.
ფინანსური დახმარების ოდენობა (2024 წლის მონაცემებით)
გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ მოცემული ინფორმაცია გახლავთ 2024 წლის მონაცემები, ხშირ შემთხვევაში მოცემული თანხის ოდენობა ცვალებადია და ასევე ხშირად რეგულირებადია რეგიონის პრეფექტურის შიდა ბრძანებით. ნებისმიერი ცვლილების/განახლების შემთხვევაში, ჩვენი მკითხველები პირველები შეიტყობთ.
ფინანსური დახმარება ცვალებადია რეგიონების მიხედვით და იყოფა ორ ნაწილად: ძირითად და დამატებით დახმარებად.
თავშესაფრის მაძიებლები (მხოლოდ უარყოფითი პასუხის შემდეგ): თუ თქვენი თავშესაფრის მოთხოვნაზე უარი თქვა OFPRA-მ ან CNDA-მ და ამის შემდეგ მიმართავთ ნებაყოფლობითი დაბრუნების პროგრამას, მიიღებთ 650 €-ს ერთ ადამიანზე.
- თავშესაფრის მაძიებლები (საქმის განხილვისას ან „სტოპის დაწერის“ შემდეგ): თუ თქვენ მიიღეთ გადაწყვეტილება პროცესის შეწყვეტის („სტოპის დაწერის“) შესახებ, სანამ OFPRA-ს პასუხს მიიღებდით, თქვენი ფინანსური დახმარება იქნება 300 € ერთ ადამიანზე.
- არალეგალური სტატუსის მქონე პირები: თუ თქვენ არ გაქვთ თავშესაფარი მოთხოვნილი და იმყოფებით არალეგალურ მდგომარეობაში, ან მოქმედებს OQTF (ფრანგული ტერიტორიის დატოვების ვალდებულება), მიიღებთ 450 €-ს ერთ ადამიანზე.
- დამატებითი დახმარება: გარკვეული ჯანმრთელობის პრობლემების ან სხვა გამონაკლისი შემთხვევების დროს შეიძლება გაიცეს დამატებითი თანხა. ასევე, თუ მოგზაურობის დოკუმენტს თავად მოიპოვებთ, შესაძლოა მიიღოთ დამატებითი 150 ევრო.
დაბინავება სტოპის პროცესის მიმდინარეობისას
- მას შემდეგ, რაც მიიღებთ გადაწყვეტილებას “სტოპის დაწერის” ანუ თავშესაფრის მოთხოვნის პროცესის შეწყვეტის შესახებ, თქვენ გეკარგებათ თავშესაფრის მაძიებლის სტატუსი. ამის შემდეგ, თქვენ ვეღარ დარჩებით იმ საცხოვრებელ ცენტრში, სადაც აქამდე ცხოვრობდით (მაგალითად, CADA ან მის მსგავსი სტრუქტურები).
- ამ შემთხვევაში, OFII-ის თანამშრომელი გაწვდით ინფორმაციას და გეხმარებათ გადასვლაში სპეციალურ სტრუქტურაში (Centre Provisoire d’Hébergement – CPH) ან დროებით თავშესაფარში. ამ ადგილას თქვენ ცხოვრობთ გამგზავრების ბოლო დღემდე, სანამ საბოლოოდ არ დაბრუნდებით სამშობლოში. ეს უზრუნველყოფს, რომ მთელი პროცესის განმავლობაში არ დარჩეთ ღია ცის ქვეშ და გქონდეთ თავშესაფარი.
საორიენტაციო ვადები
- განაცხადის განხილვა: OFII-ის წარმომადგენლებმა შეიძლება განაცხადი 2-დან 3 თვემდე პერიოდში განიხილონ. თუმცა, ხშირ შემთხვევაში, ეს ვადა შეიძლება გახანგრძლივდეს.
- ფრენის ორგანიზება: მას შემდეგ, რაც OFII დაამტკიცებს თქვენს განაცხადს, ფრენის ბილეთების შეძენასა და გამგზავრების ორგანიზებას შეიძლება დასჭირდეს რამდენიმე დღიდან რამდენიმე კვირამდე.
არსებობს კონკრეტული შემთხვევები, როდესაც მთელ პროცესი 2 კვირაში დასრულებულა და შემთხვევები, როდესაც 6 თვე გასტანა, ამიტომ დაზუსტებული და განსაზღვრულ-დადგენილი ვადები არ არსებობს.
რა ახანგრძლივებს პროცესს?
- არასრული დოკუმენტაცია: თუ თქვენი დოკუმენტაცია არ არის სრული (მაგალითად, არ გაქვთ მოქმედი პასპორტი ან პირადობის დამადასტურებელი სხვა დოკუმენტი), OFII-ს დამატებითი დრო დასჭირდება მათ მოსამზადებლად, რაც პროცესს აჭიანურებს.
- ოფისის დატვირთულობა: OFII-ის ოფისები სხვადასხვა რეგიონში განსხვავებულად მუშაობენ და მათი დატვირთულობა პირდაპირ აისახება განაცხადის განხილვის სიჩქარეზე.
- პერიოდი: საიმიგრაციო ბიუროებში ზაფხულის არდადეგების ან ზამთრის პერიოდში პროცესი შეიძლება შეფერხდეს.
რა ხდება დაბრუნების შემდეგ? – ფინანსური დახმარება და რეინტეგრაცია
მიუხედავად იმისა, რომ OFII-ის ცირკულარში საქართველო ჯერ კიდევ ფიგურირებს როგორც უსაფრხო ქვეყნების სიაში, საქართველოს შიდა პოლიტიკური გადაწყვეტილების გამო, ეს პროგრამა დროებით შეჩერებულია. შესაბამისად, საქართველოს მთავრობამ შეაჩერა ნებაყოფლობით დაბრუნებულ მოქალაქეთა რეინტეგრაციის ფინანსური პროგრამები. ამჟამად, OFII-ის მიერ დაფინანსებული რეინტეგრაციის დახმარება საქართველოში აღარ გაიცემა. ცვლილებების შემთხვევაში, ჩვენი მკითხველი ამას პირველი გაიგებს.
მნიშვნელოვანი შენიშვნები
- ნებაყოფლობითობა: ეს არის პირადი გადაწყვეტილება. გამგზავრებამდე ნებისმიერ დროს შეგიძლიათ აზრი შეიცვალოთ და პროგრამა შეწყვიტოთ.
- კონფიდენციალურობა: თქვენი დაბრუნების შესახებ თქვენი ქვეყნის წარმომადგენლები არ არიან ინფორმირებულნი. მგზავრობა ჩვეულებრივი სხვა ნებისმიერი მგზავრის მსგავსად ხდება.
- შენგენის ზონა: „სტოპის დაწერის“ და ნებაყოფლობითი დაბრუნების შემდეგ, შენგენის ზონაში ხელახლა შესვლა შესაძლოა 5 წლამდე აიკრძალოს (თუ არ გაქვთ სპეციალური ვიზა ან ბინადრობის ნებართვა). თუმცა, ეს აკრძალვა უფრო მოკლეა, ვიდრე იძულებითი დეპორტაციის შემთხვევაში.
- არ არის რეგულარიზაცია: ნებაყოფლობითი დაბრუნება არ ითვლება საფრანგეთში სტატუსის ლეგალიზაციის გზად.