რეეგზამენი –  თავშესაფრის განმეორებითი განხილვა (Réexamen)

ბევრი ჩვენი მოქალაქისთვის, რომელთა პირველადი განაცხადებიც უარყოფილი იქნა, აქტუალურია მეორედ ჩაბარების საკითხი. ეს პროცესი ცნობილია როგორც განმეორებითი განხილვა (réexamen) და ის სრულიად განსხვავებულ ნაბიჯებსა და მოთხოვნებს მოიცავს. ქვემოთ დეტალურად განვიხილავთ, რა პროცესებია გასავლელი, რა პერიოდის გაცლაა საჭირო, რომ განმეორებითი განხილვა დაიწყოთ და სხვა მნიშვნელოვან დეტალებს.

განმეორებითი განხილვა (réexamen) – ეს არის შესაძლებლობა იმ განმცხადებლებისთვის, რომელთა თავშესაფრის მოთხოვნის პირველადი განაცხადებიც უარყოფილი იქნა, წარადგინონ ახალი მტკიცებულებები ან ფაქტები, რომლებმაც შეიძლება შეცვალოს გადაწყვეტილება.

შეგიძლიათ მოთხოვნა თავშესაფრის განმეორებით განხილვაზე შეიტანოთ CNDA-ს (ლტოლვილთა ეროვნული სასამართლო) გადაწყვეტილების შემდეგ ან OFPRA-ს გადაწყვეტილებაზე აპელაციის ვადის გასვლის შემდეგ, ნებისმიერ დროს (მომდევნო დღეს ან ხუთი წლის შემდეგაც).

განმეორებითი განხილვის მოთხოვნისთვის, უკიდურესად მნიშვნელოვანია წარმოადგინოთ ახალი მოვლენები ან მტკიცებულებები, რომლებიც მოხდა საბოლოო უარის ან დამხმარე დაცვაზე უარყოფითი გადაწყვეტილების მიღების შემდეგ. ეს შეიძლება იყოს CNDA-ს (ან OFPRA-ს, თუ აპელაცია არ ყოფილა) სხდომის შემდეგ მომხდარი მოვლენა, ან ის, რომლის შესახებაც არ იცოდით სხდომის დროს, ან ახალი მტკიცებულება, რომელიც ეხება პირველ მოთხოვნაში სადავო ფაქტს.

ახალი ფაქტი უნდა იყოს მნიშვნელოვანი და აძლიერებდეს თქვენს პირად შიშს დევნის გამო. მაგალითად, თქვენი მეგობარი დააკავეს ან პირადად თქვენზე აღიძრა სისხლის სამართლის საქმე, თქვენი ორგანიზაცია არასასურველად აღიარეს, ან დააკავეს თქვენი ქონება და ა.შ. ანუ – მოხდა ისეთი შემთხვევა, რომელიც ცვლის გარემოებებს და გჭირდებათ საფრანგეთში თავშესაფარი თქვენი უსაფრთხოების დაცვისთვის.

ამ მოთხოვნის დასარეგისტრირებლად, თქვენ უნდა მიმართოთ უშუალოდ GUDA-ს (თავშესაფრის მოთხოვნის ერთიანი ოფისი) (არა SPADA-ს გავლით). ამ შემთხვევაში, რეკომენდებულია, რომ თქვენი ისტორია (récit) მოამზადოთ ამ პროცედურების დაწყებამდე, რადგან OFPRA-ს ფორმულარი უნდა წარადგინოთ GUDA-ში რეგისტრაციიდან 8 დღის განმავლობაში. თუ OFPRA მიიჩნევს თქვენს განაცხადს არასრულყოფილად, მას შეუძლია მოგცეთ დამატებით 4 დღე მის შესავსებად.

თქვენ მოგეცემათ დროებითი ბინადრობის ნებართვა თავშესაფრის მოთხოვნასთან დაკავშირებით. როგორც საქართველოს მოქალაქე (დღევანდელი მონაცემებით) დაექვემდებარებით დაჩქარებულ პროცედურას და გექნებათ უარი მიღების მატერიალურ პირობებზე (CMA): ADA დახმარების გადახდაზე და სპეციალიზებულ თავშესაფარში ადგილზე, თუ თქვენ ჯერ კიდევ/უკვე არ ხართ იქ განთავსებული.

თუ ისტორია (récit) არ არის დამაჯერებელი და არ შეიცავს ახალ ელემენტებს, OFPRA-მ შეიძლება მიიღოს გადაწყვეტილება, რომ მოთხოვნა განხილვას არ ექვემდებარება (décision d’irrecevabilité) გასაუბრების დანიშვნის გარეშე, რაც ნიშნავს იმას, პასუხს მიიღებთ შეტყობინების სახით და არ მოხდება თქვენი დაბარება OFPRA ოფისში განმეორებით ინტერვიუზე. თუ OFPRA უარს იტყვის მოთხოვნის განხილვაზე, შესაძლებელია ახალი გასაჩივრება CNDA-ში OFPRA-ს გადაწყვეტილების შეტყობინებიდან 1 თვის ვადაში.

თუ უარის მიღებიდან თქვენ 3 თვის განმავლობაში იმყოფებოდით თქვენი მოქალაქეობის ქვეყანაში, შესაძლებელია ახალი ჩვეულებრივი მოთხოვნის შეტანა საერთაშორისო დახმარებაზე, და არა განმეორებითი განხილვის მოთხოვნა. თქვენ შეიძლება გთხოვონ დაადასტუროთ ევროკავშირის ფარგლებს გარეთ ყოფნის თარიღები, მაგალითად, თვითმფრინავის ბილეთებით. თუმცა, სავარაუდოდ, თქვენ მაინც აღმოჩნდებით დაჩქარებულ პროცედურაში, იმის გამო, რომ საქართველო ითველბა უსაფრთხო ქვეყნების სიაში, რაც ნიშნავს, რომ უარს გეტყვიან მიღების მატერიალურ პირობებზე (CMA): ADA დახმარების გადახდაზე და თავშესაფარში ადგილზე, თუ თქვენ ჯერ კიდევ/უკვე არ ხართ იქ განთავსებული.

რეკომენდებულია, რომ გაიაროთ კონსულტაცია იურისტთან ან ლტოლვილთა უფლებების დაცვის ასოციაციასთან, სანამ ხელახლა შეიტანთ განაცხადს. იურიდიულ დახმარებას შეუძლია ხელი შეუწყოს დოკუმენტების სწორად შედგენას და ახალი ფაქტების არგუმენტირებას.

მნიშვნელოვანია იცოდეთ: განმეორებითი განხილვის (réexamen) შემთხვევაშიც შესაძლებელია უფასო იურიდიული დახმარების (Aide juridictionnelle) მიღება, თუ თქვენი შემოსავალი მინიმუმზე ნაკლებია. ამისთვის საჭიროა დროული განაცხადის შეტანა სპეციალურ ფორმაზე CNDA-ში ან შესაბამის პრეფექტურაში. დახმარება მოიცავს უფასო ადვოკატს, რომელიც შეგიმუშავებთ საქმეს და დაგეხმარებათ მტკიცებულებების სწორად წარდგენაში.

  • პირს, ვისაც უკვე ერთხელ ან რამდენჯერმე უთხრეს უარი თავშესაფარზე (OFPRA-ს მიერ ან აპელაციის შემდეგ CNDA-ში);
  • თუ გაჩნდა ახალი მტკიცებულება ან ახალი გარემოება, რაც არ იყო განხილული პირველ განაცხადში.

მაგალითად:

  • ახალი პოლიტიკური ვითარება სამშობლოში (გაუარესებული უსაფრთხოების გარემო);
  • ახალი პერსონალური საფრთხე (მაგ. თქვენზე გამოიცა დაკავების ორდერი, ოჯახი შევიწროების მსხვერპლი გახდა);
  • ახალი მტკიცებულებები (დოკუმენტები, მოწმობები, მედიის მასალები).

რადგან ქართველებზე ავტომატურად ვრცელდება დაჩქარებული პროცედურა (procédure accélérée) განმეორებითი განხილვა ხორციელდება ავტომატურად დაჩქარებული პროცედურით. ეს ნიშნავსმ რომ:

  • ინტერვიუ OFPRA-ში უფრო სწრაფად ინიშნება;
  • გადაწყვეტილება შედარებით მოკლე ვადაში გამოიცემა;
  • ხშირია, რომ მოთხოვნა განიხილება „irrecevabilité“-ს საფუძვლით (არ არის მიღებული განხილვაში), თუ ახალი გარემოება სერიოზულად ვერ დასაბუთდა.

პირადი ვიზიტი პრეფექტურაში

  • უნდა მიხვიდეთ თქვენს საცხოვრებელ ადგილთან ახლოს არსებულ პრეფექტურაში.
  • იქ მიიღებენ თქვენს განაცხადს რეეგზამენზე.

„ადამიანური ღირსების დარღვევის თავიდან აცილების უფლება“ (DAE)

  • განაცხადის გაკეთებისას პრეფექტურა გასცემს დროებით დოკუმენტს, რომელიც საშუალებას გაძლევთ წარადგინოთ საქმე OFPRA-ში.
  • გაითვალისწინეთ: პრეფექტურაში (GUDA) განაცხადის შემდეგ, გექნებათ 8 დღე OFPRA-ში დოსიეს გასაგზავნად.
  • განაცხადს თან უნდა ახლდეს ყველა ახალი მტკიცებულება.
  • OFPRA პირველ რიგში შეაფასებს: „არსებობს თუ არა რეალურად ახალი გარემოება?“
  • თუ ჩათვლის, რომ ახალი საფუძველი არ არსებობს, განაცხადს დაუყოვნებლივ უარყოფს.
  • თუ საფუძველი არსებობს, დაიწყება საქმის განხილვა.
  • პირველი რეეგზამენის შემთხვევაში: პირი ხშირად ინარჩუნებს თავშესაფრის მაძიებლის უფლებებს (ADA — ფინანსური დახმარება, საცხოვრებელი), თუმცა ბოლო პერიოდში ეს პრაქტიკა ზოგიერთი რეგიონის პრეფექტურამ უარყო.
  • მეორე ან შემდგომი réexamen-ის დროს: წესით, დახმარება შეზღუდულია. ბენეფიციარი ზოგჯერ კარგავს საცხოვრებელზე უფლებას და მხოლოდ შემოსავლის მინიმუმზე რჩება.
  • OFPRA-ში მიღების შემდეგ, პირველი réexamen ითვლება „სერიოზულ განმეორებად განაცხადად“ და რეგიონების პრეფექტურის გადაწყვეტილებით შესაძლებელია ისევ მიიღოთ ADA (allocation pour demandeur d’asile).
  • მეორე ან მესამედ réexamen-ის შემთხვევაში, ADA აღარ გაიცემა.
  • პირველი რეეგზამენის დროს, რეგიონების მიხედვით შესაძლოა შეგინარჩუნდეთ თავშესაფარი
  • თუ réexamen წარმატებულია: OFPRA ან CNDA გაძლევთ ბინადრობის უფლებას საერთაშორისო დაცვის სტატუსით (თავშესაფარი ან subsidiary protection).
  • თუ უარია: გეძლევათ OQTF (Obligation de Quitter le Territoire Français) ანუ საფრანგეთის დატოვების ვალდებულება.
  • Réexamen-ის დასაშვებად აუცილებელია ახალი და სერიოზული გარემოებების წარდგენა, რადგან ფრანგული პრაქტიკა საკმაოდ მკაცრია და ხშირად ჩვენი მოქალაქეები ზერელედ ეკიდებიან დამატებითი გარემოებების დოკუმენტაციის შეგროვებასა და წარდგენას.
  • უბრალოდ იმავე არგუმენტების გამეორება, რაც პირველ ან მეორე განაცხადში გქონდათ, გარანტირებულად უარყოფით შედეგს იწვევს.
  • სტატისტიკურად, réexamen-ის წარმატების შანსი დაბალია, თუ დოკუმენტურად ვერ ამტკიცებთ საფრთხეს.
გააზიარე !
Shares
Scroll to Top