გასაუბრება OFPRA-ში – გზამკვლევი

ფრანგული უწყება ლტოლვილთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა დაცვისთვის (OFPRA) წარმოადგენს სახელმწიფო ადმინისტრაციას, რომელიც, სხვა საკითხებთან ერთად, არის პირველი ინსტანცია საერთაშორისო დაცვის მისანიჭებლად.

კანონის თანახმად, OFPRA-მ უნდა მოგიწვიოთ გასაუბრებაზე დოსიეს ჩაბარებიდან 6 თვის განმავლობაში, თუმცა სინამდვილეში ლოდინის პერიოდი ხშირად მეტია. 6 თვიანი ვადის გასვლის შემთხვევაში OFPRA-და მოგივათ წერილი, რომ კანონით დადგენილ 6 თვის ვადაში ვერ ეტევიან და თქვენი საქმის წარმოება გრძელდება. არ იღელვოთ, ეს ნორმალურია.

თქვენ მიიღებთ მოწვევას გასაუბრებაზე რეგისტრირებული წერილით ან OFPRA-ს ვებგვერდის პირად ანგარიშზე (რომელსაც გიხსნიან SPADA ოფისში ჩაბარებისას), გასაუბრების თარიღამდე მინიმუმ 15 დღით ადრე. სასამართლო სხდომებისგან განსხვავებით, OFPRA-ში გასაუბრება მიმდინარეობს დახურულ კარს მიღმა, სრული კონფიდენციალურობის პირობებში. თქვენ გეყოლებათ დანიშნული თარჯიმანი. 2023 წლის სტატისტიკით, OFPRA დაცვას ანიჭებს საქმეების დაახლოებით 33%-ს. CNDA-სთან ერთად ეს მაჩვენებელი განხილული საქმეების 44.5%-ს შეადგენს.

გამოძახება გასაუბრებაზე, ინტერვიუზე OFPRA-ში

კანონის თანახმად, გასაუბრება უნდა ჩატარდეს OFPRA-ში თქვენი მოთხოვნის დარეგისტრირების დღიდან 6 თვის ვადაში. თუმცა, პრაქტიკაში ლოდინი შეიძლება გაცილებით დიდხანს გაგრძელდეს. თარიღის დანიშვნისას ოფიცრები, სხვათა შორის, ითვალისწინებენ თქვენს ჯანმრთელობის მდგომარეობას. მაგალითად, ორსულ ქალებს ცდილობენ, არ გამოიძახონ ორსულობის მე-5 თვის შემდეგ.

თუ სერიოზული სამედიცინო მიზეზების გამო, რომლებიც თქვენზე არ არის დამოკიდებული, ვერ შეძლებთ გასაუბრებაზე მისვლას, რაც შეიძლება სწრაფად უნდა გაუგზავნოთ სამედიცინო დოკუმენტები OFPRA-ს რეგისტრირებული ფოსტით ქვითრის მიღების დადასტურებით. თუ OFPRA მიიჩნევს, რომ თქვენი არყოფნის მიზეზი ლეგიტიმურია, ხელახლა დაგიბარებენ. თუ OFPRA მიიჩნევს, რომ თქვენი არყოფნის მიზეზი არ არის ლეგიტიმური, მას შეუძლია თქვენს მოთხოვნაზე გადაწყვეტილება მიიღოს საქმეში არსებული ინფორმაციის საფუძველზე და როგორც წესი ეს ნიშნავს უარყოფით პასუხს.

თუ თქვენი განაცხადი OFPRA-მ უარყო, ან მიიღო თავშესაფრის მოთხოვნის შეწყვეტის გადაწყვეტილება, გასაუბრებაზე არ გამოგიძახებენ.


კონფიდენციალური გასაუბრების წესი

გასაუბრება შეიძლება ჩატარდეს OFPRA-ს ოფისში, მისამართზე 201 Rue Carnot Bâtiment A, 94120 Fontenay-sous-Bois

გასაუბრებები იწყება დილის 9:00 საათზე ან 14:00 საათზე. იყავით პუნქტუალური. უნდა მიხვიდეთ მინიმუმ 40 ადრე, რადგან ხშირია შესვლისას რიგები, ასე თავიდან აიცილებთ დაგვიანების ალბათობას. შეგიძლიათ შეატყობინოთ თქვენს საქმეზე პასუხისმგებელ გეოგრაფიულ განყოფილებას ნებისმიერი შესაძლო დაგვიანების შესახებ ელექტრონული ფოსტით. ეს მისამართი მითითებული იქნება თქვენს მოწვევაში.

თქვენ შესაძლოა მოგიწიოთ ლოდინი, სანამ ოფიცერი მიგიღებთ. ეს ლოდინი შეიძლება გაგრძელდეს, მაგრამ არ უნდა შეგაშფოთოთ. იმისთვის, რომ ოფიცერმა, რომელიც თქვენთან გასაუბრებას ჩაატარებს, იცოდეს თქვენი მისვლის შესახებ, აუცილებელია, რომ თქვენი მოწვევა მიაწოდოთ მისაღებ მაგიდას, სანამ მოსაცდელში დაჯდებით.

გასაუბრება არ ტარდება ბავშვების თანდასწრებით. თუ აუცილებელია, უნდა იზრუნოთ, რომ ბავშვები დატოვოთ ვინმესთან გასაუბრების ხანგრძლივობის განმავლობაში.


კითხვები ოფპრაში (OFPRA) და დეტალები, რომლებსაც უნდა ელოდოთ

ინტერვიუ მიმდინარეობს OFPRA-ს დაცვის ოფიცერთან, რომელიც პასუხისმგებელია თქვენი თავშესაფრის მოთხოვნის ისტორიის შეგროვებაზე. მან იცის თქვენი რეგიონის მდგომარეობა, წაიკითხა თქვენი ისტორია და გააკეთა მისი ფაქტების შემოწმება. დაზუსტებული ინფორმაციით ხანდახან Google Street View-ითაც კი ამოწმებს, როგორ გამოიყურება თქვენი სახლი მითითებულ მისამართზე და რა ფერისაა მისი კარი. ის მონაწილეობას მიიღებს თქვენს მოთხოვნაზე დადებითი ან უარყოფითი გადაწყვეტილების მიღებაში.

თქვენ აუცილებლად გკითხავენ თქვენს სახელს, გვარს, დაბადების თარიღს და ადგილს, პროფესიას და განათლების დონეს.

  • ოჯახი: გკითხავენ თქვენს მშობლებზე, და-ძმაზე, მათ სახელებზე, გვარებზე, დაბადების თარიღებზე (ან გარდაცვალების, თუ ეს მოხდა), პროფესიებზე. ოფიცერი შეიძლება დაინტერესდეს, ხართ თუ არა კონტაქტში თქვენს მშობლებთან, როდის დაუკავშირდით მათ ბოლოს ან ოჯახის რომელ წევრებთან ხართ კონტაქტში.
  • ადგილობრივი ცოდნა: ოფიცერმა შეიძლება გკითხოთ თქვენი რეგიონის ან ქალაქის დეტალებზე, რათა დარწმუნდეს, რომ თქვენ ნამდვილად იქიდან ხართ.
  • სამშობლოში დაბრუნება: გკითხავენ, რატომ არ არის საკმარისი რეგიონის შეცვლა გარკვეული საფრთხის შემთხვევაში (ნაგალითად თუ საფრთხე გემუქრებათ თბილისში, რატომ არ გადახვედით აჭარაში).
  • მგზავრობის მარშრუტი: მოკლედ და ნათლად უნდა უპასუხოთ თქვენი გამგზავრების თარიღზე, ქალაქზე, ქვეყანაზე, ტრანზიტის მარშრუტზე და საფრანგეთში ჩამოსვლის თარიღზე.
  • პასუხისმგებლობა: ოფიცერი დასვამს დამაზუსტებელ კითხვებს, რათა მეტი დეტალი მიიღოს თქვენი ისტორიის შესახებ. თუ ის არ დაგისვამთ კითხვებს, თავად მოუყევით მოვლენის შესახებ, რომელმაც აიძულა თქვენი ქვეყნის დატოვება. ნუ დაელოდებით დამაზუსტებელ კითხვებს. თუ ოფიცერი შეკითხვას დაგისვამთ, თქვენ უპასუხეთ და ის მაშინვე შემდეგზე გადადის, შეგიძლიათ თქვათ, რომ არ დაამთავრეთ და გსურთ რაღაცის დამატება.

თუ არ გაქვთ პასპორტი ან პირადობის მოწმობა, მნიშვნელოვანია დაადასტუროთ თქვენი მოქალაქეობა, მიაწოდოთ ზუსტი ინფორმაცია თქვენი ქვეყნის (თქვენი რეგიონის, ქალაქის, უბნის, ტრადიციების, გეოგრაფიის და ა.შ.) შესახებ. იგულისხმება, რომ საფრთხეში მყოფ ადამიანს შეიძლება არ ჰქონდეს საკმარისი დრო, რომ თან წაიღოს სრული სია დოკუმენტებისა.

მიუთითეთ თქვენი დღევანდელი შიშები სამშობლოში დაბრუნების შემთხვევაში.

ოფიცერი დაგისვამთ ბოლო ღია კითხვას, რათა მოგცეთ შესაძლებლობა, მიაწოდოთ დამატებითი დეტალები თქვენი ისტორიის შესახებ ან დაამატოთ თქვენი ჩვენებები. თუ რაიმე გაქვთ სათქმელი, შეატყობინეთ ამის შესახებ გასაუბრების ბოლოს.

ინტერვიუს დასასრულს ოფიცერი შემოგთავაზებთ დოკუმენტების წარდგენას თქვენი დოსიეს შესავსებად.

საორინეტაციო კითხვები, რომლებიც შესაძლოა დაგისვან ინტერვიუზე OFPRA-ში


პოლიტიკური მოტივით თავშესაფრის მოთხოვნის საორიენტაციო კითხვები ინტერვიუს დროს:

  • გქონიათ დაკავება ან უკანონო დაკითხვა სახელმწიფოს მხრიდან?
  • იყავით თუ არა ჩართული პოლიტიკურ აქტივობებში ან ორგანიზაციებში?
  • შეგიძლიათ აღწეროთ შემთხვევები, როდესაც განიცადეთ ზიანი ან დევნა თქვენი პოლიტიკური შეხედულებების გამო?
  • გქონიათ მუქარა ან დაშინება სახელმწიფო მოხელეების ან პოლიტიკური ჯგუფების მხრიდან?
  • აღნიშნული შემთხვევები სახელმწიფო ორგანოებს შეატყობინეთ? თუ არა, რატომ?
  • მონაწილეობდით თუ არა საპროტესტო აქციებში, დემონსტრაციებში ან პოლიტიკურ კამპანიებში?
  • გაქვთ რაიმე მტკიცებულება ან მოწმეები თქვენი განცხადების დასადასტურებლად?
  • რატომ გეშინიათ სამშობლოში დაბრუნების?
  • რა შეიძლება დაგემუქროთ, თუ უკან დაბრუნდებით?
  • არსებობენ კონკრეტული პირები ან ჯგუფები, რომლებსაც გეშინიათ?
  • მიმართეთ თუ არა ადგილობრივ ორგანოებს დაცვის მიზნით?
  • გაქვთ დოკუმენტები, რომლებიც მხარს უჭერენ თქვენს ისტორიას?
  • შეგიძლიათ წარმოადგინოთ სამედიცინო ცნობები, პოლიციის ან სხვა ოფიციალური მოხსენებები?
  • გაქვთ ფოტოსურათები, ვიდეოები ან მედია მასალა, რომელიც თქვენს საქმეს ეხება?
  • არსებობენ მოწმეები, რომელთა დასახელება შეგიძლიათ?
  • ოდესმე ყოფილხართ კრიმინალურ საქმიანობაში ჩართული?
  • იყავით თუ არა პოლიტიკური პარტიის ან ორგანიზაციის წევრი?
  • მონაწილეობდით საქმიანობაში, რომელიც შეიძლება შეფასდეს როგორც არალეგალური ან სუბვერსიული?
  • რა გელით პოლიტიკური შეხედულებების გამო დევნის შემთხვევაში?
  • შეგიძლიათ აღწეროთ კონკრეტული ინციდენტები, მაგალითად, წინააღმდეგობა ხელისუფლების წინააღმდეგ ან პოლიტიკური აზრის გამო პრობლემები?
  • გექნებათ რაიმე დანატებითი მტკიცებულება ან მოწმეები?

საორიენტაციო კითხვები ოჯახური ძალადობის შესახებ ინტერვიუს დროს:

  • შეგიძლიათ აღწეროთ, რა სახის ძალადობა განიცადეთ? (ფიზიკური, ფსიქოლოგიური, სექსუალური, ეკონომიკური).
  • ვინ არის მოძალადე? (მეუღლე, პარტნიორი, ოჯახის სხვა წევრი).
  • რამდენი ხანი გრძელდება ძალადობა?
  • მოხდა თუ არა ინციდენტები, რომლებიც პოლიციას, სასამართლოს ან სხვა ოფიციალურ უწყებებს უკავშირდება?
  • გქონიათ თუ არა ვიზიტები ექიმთან ან ფსიქოლოგთან ძალადობის გამო?
  • თუ ცდილობდით, როგორ იცავდით თავს მოძალადისგან?
  • გქონიათ თუ არა გაქცევის ან დროებით თავშესაფარში გადასვლის გამოცდილება?
  • როგორ მოახერხეთ სახლიდან წამოსვლა? (გადახვედით ნათესავებთან, მეგობრებთან, თუ თავშესაფარში).
  • გემუქრებოდნენ თუ არა სამოქალაქო ან სამართალდამცავი ორგანოები?
  • გაქვთ თუ არა ოფიციალური დოკუმენტები, სასამართლო ბრძანება ან აკრძალვის ორდერი მოძალადესთან დაკავშირებით?
  • როგორ ცდილობდით უსაფრთხოდ ყოფნას ოჯახში ან მის გარეთ?
  • გაქვთ თუ არა დოკუმენტები ძალადობის ფაქტების დასადასტურებლად? (მოწმეების ჩვენებები, სამედიცინო ცნობები, პოლიციის მოხსენებები).
  • შეგიძლიათ წარმოადგინოთ ფოტოსურათები, წერილები ან აუდიოჩანაწერები, რომლებიც მხარს დაუჭერს თქვენს განაცხადს?
  • გაქვთ თუ არა მტკიცებულებები სხვისი ჩარევის ან ოჯახის სხვა წევრების მხრიდან მუქარის შესახებ?

LGBTQ+ დაკავშირებული კითხვები ინტერვიუს დროს:

  • როგორ ხედავთ ლგბტ საზოგადოების მომავალს თქვენს ქვეყანაში?
  • როდის დაფიქრდით პირველად თქვენს სექსუალურ ორიენტაციაზე / გენდერულ იდენტობაზე?
  • რა იგრძენით, როდესაც გააცნობიერეთ, რომ თქვენ ლგბტ+ პერსონა ხართ?
  • უთხარით თუ არა ვინმეს თქვენი სექსუალური ორიენტაციის / გენდერული იდენტობის შესახებ?
  • როდის გქონდათ პირველად ურთიერთობა და როგორ გაიცანით ეს ადამიანი?
  • რამდენ ხანს გაგრძელდა ეს ურთიერთობა და როგორ დასრულდა?
  • როგორ გაიცანით ლგბტ+ ადამიანები თქვენს ქვეყანაში?
  • როგორ ახერხებდით თქვენი ურთიერთობების დაფარვას და საიდუმლოდ შენახვას?
  • რა მიზეზით მოგიწიათ თქვენი ქვეყნის დატოვება?
  • რა შიშები გაქვთ თქვენი უსაფრთხოების გამო, თქვენს ქვეყანაში დაბრუნების შემთხვევაში?

ეთნიკურ წარმომავლობასთან დაკავშირებული კითხვები:

  • იცნობთ თუ არა ენას ან დიალექტს? თქვით მასზე რამე.
  • მთელი ცხოვრება თავს მიაკუთვნებდით…
  • აღწერეთ თქვენი კულტურის მახასიათებლები.
  • რა ენაზე საუბრობდით სახლში?
  • რომელი ფილმის, წიგნის ან სხვა მხატვრული ან დოკუმენტური ნაწარმოების ნახვა შეიძლება თქვენს კულტურაზე?
  • რა არის ჩაგვრის ისტორია?
  • რა ნიშნებით გცნობენ თქვენ, როგორც ამ ეთნოსის წარმომადგენელს?
  • უჭერთ თუ არა მხარს ძალადობის გამოყენებას დამოუკიდებლობის მისაღწევად?
  • ხართ თუ არა წევრი ასოციაციების ან კულტურული ცენტრების, რომლებიც დაკავშირებულია თქვენს ეთნიკურ წარმომავლობასთან?
  • დაასახელეთ თქვენი ეთნიკური კულტურის წამომადგენელი ცნობილი პიროვნება. რით არის ის ცნობილი?
  • როგორ ეკიდებით კულტურულ თქვენი კულტურის გამოსახვას (აპროპრიაციას)?

საერთო რეკომენდაციები

  • დრო: აცნობეთ ოფიცერს მოვლენების დრო, თარიღი, თვე ან თუნდაც წელი.
  • ადგილი: მიუთითეთ ადგილი, სადაც მოვლენები მოხდა.
  • ადამიანები: მიუთითეთ იმ ადამიანების სახელები და გვარები, რომლებიც მონაწილეობდნენ მოვლენებში.
  • გრძნობები: გადმოეცით თქვენი გრძნობები და ემოციები, რომ ოფიცერმა დაინახოს სიტუაცია თქვენი თვალით.
  • ღიაობა: იყავით გულწრფელი და უპასუხეთ პატიოსნად.
  • მკაფიოობა: თქვენ უნდა დაარწმუნოთ OFPRA-ს თანამშრომელი, რომ დაცვა გჭირდებათ.
  • მომზადება: მოამზადეთ პასუხები წინასწარ, რათა ინტერვიუზე არ დაიბნეთ.
  • დარჩით მშვიდად: ნორმალურია ნერვიულობა; დრო გამოიყენეთ სწორი პასუხისთვის.
  • მიიტანეთ მტკიცებულებები: დოკუმენტები, ფოტოსურათები, სამედიცინო ცნობები და მოწმეების განცხადებები აძლიერებს თქვენს საქმეს.
  • მზად იყავით ემოციურად: ინტერვიუ შესაძლოა იყოს სტრესული; წინასწარ გაითვალისწინეთ თქვენი ისტორია.
  • ისაუბრეთ ყურადღებით: გეგმაზომიერად ისაუბრეთ, გაითვალისწინეთ, რომ თქვენს საუბარს თარგმნის თარჯიმანი, ოფიცერი კი კომპიუტერში კრეფს, ამიტომ ნუ ისაუბრებთ გრძელი ფრაზებით.

გთხოვთ გაითვალისწინოთ, აღნიშნული სტატია ატარებს ზოგადი შინაარსის ფორმას, ყოველი გასაუბრება OFPRA-ში ინდივიდუალურია, არის შემთხვევები, როდესაც ოფიცერი მხოლოდ კითხვა-პასუხის რეჟიმით ატარებს გამოკითხვას, მზად იყავით ამისთვისაც.

გააზიარე !
Shares
Scroll to Top