მემკვიდრეობა, რომელიც არ დაიკარგება

Qartuli Héritage

საფრანგეთში


ასოციაცია “Qartuli Héritage” 2025 წლის 18 ივლისს, Hautes-Pyrénées რეგიონში, ქალაქ Lourdes-ში დაარსდა. მთავარი მიზანი – შექმნილიყო ერთიანი პლატფორმა ქართული კულტურის შენარჩუნებისა და გავრცელებისთვის. ასოციაციის უმთავრესი მიზანი კი ქართული მემკვიდრეობის გადაცემა და შენარჩუნებაა მომავალი თაობების აღზრდის პროცესში, ასევე ლურდის მოსახლეობისთვის უნიკალური კულტურის გაცნობა.

განსაკუთრებით საამაყო – რეგიონში ქართული ასოციაციის შექმნის უპრეცენდენტო შემთხვევაა. ასოციაცია დაუღალავად იზრუნებს ტრადიციული ღირებულებების შენარჩუნებასა და ქართული კულტურის ინტეგრაციისთვის ევროპულ სივრცეში.


მე ვარ თეა გვასალია, ასოციაციის დამფუძნებელი და პრეზიდენტი. ჩემს თანამოაზრე და თანადამფუძნებელ – სალომე კაკულიასთან ერთად გადავწყვიტეთ ქართული კულტურის კერის შექმნა რეგიონში, სადაც ადრე არასდროს არსებობდა ანალოგიური ინიციატივა.

ჩვენი ასოციაცია ახლად დაარსებულია და ამჟამად 10-მდე აქტიურ წევრს ითვლის. მაქვს მოლოდინი, რომ წევრთა რაოდენობა თანდათანობით გაიზრდება, განსაკუთრებით, ყოველწლიური ასოციაციების ფორუმში ჩვენი მონაწილეობის შემდეგ, რამაც თვალნათლივ დაგვანახა მსგავსი ორგანიზაციის საჭიროება და მნიშვნელობა რეგიონში მცხოვრები ქართული დიასპორისთვის.

ასოციაციის შექმნის მთავარი მოტივაცია მომცეს ჩემმა შვილებმა, რომ მათ ესაუბრათ მშობლიურ ენაზე და არ დაეკარგათ საწყისი. სწორედ ამიტომ, როდესაც მომეცა შესაძლებლობა, დავიწყე ამაზე ფიქრი და თანამოაზრეთა მოძიება.

მაგალითად, ვიფიქრე ვინ შეძლებდა ქართული ცეკვების სწავლებას და ასე აღმოვაჩინე სალომე კაკულია. ასევე იმედი მაქვს, რომ შევძლებ თექის ოსტატობის სწავლების ორგანიზებას, რადგან ჩვენს რიგებში არის ქართველი თექის ოსტატი, შესანიშნავი ხელოვანი  ქალბატონი ლია ცხვირავაშვილი, რომელიც თვითმყოფადი პროფესიონალია და მართავს თავისი ნამუშევრების გამოფენა-გაყიდვას საფრანგეთში. ვიმედოვნებ, რომ აუცილებლად მოხდება ჩვენს რიგებში  ქართული ტრადიციული ხელსაქმის დანერგვა.

სწორედ აქედან დაიწყო ასოციაციის ჩამოყალიბების პროცესი. მინდოდა ჩემს ქალაქში მცხოვრებ ქართველებს ჰქონოდათ ადგილი, სადაც დაუახლოვდებოდნენ ერთმანეთს, არ დაკარგავდნენ ქართულ ფესვებს და ევროპულ ინტეგრაციასთან ერთად შეინარჩუნებდნენ ქართული კულტურის უნიკალურობას.


  • კულტურული პროგრამები: ჩვენ ვგეგმავთ ქართული სიმღერების და ნაციონალური ცეკვების სწავლებას, ხელნაკეთობების დასწავლების ორგანიზებას და ტრადიციული ხელოვნების გამოფენების მოწყობას.
  • საგანმანათლებლო ინიციატივები: ვგეგმავთ ქართული ენის სწავლებას, ისტორიისა და კულტურის შესახებ ლექციების ჩატარებას, ბავშვებისთვის სპეციალური კულტურული პროგრამების შემუშავებასა და სხვა.
  • სამომავლო მიზნები: ისტორიული ღონისძიებების გამართვა, ქართული დღესასწაულების აღნიშვნა, და ქართული წიგნების ბიბლიოთეკის შექმნა და სხვა საინტერესო აქტივობები იგეგმება.

ქართული კულტურა საზღვარგარეთ არის ხიდი – ის აკავშირებს ორ კულტურას და ამდიდრებს ორივეს. ჩემთვის მნიშვნელოვანია, რომ ქართული მემკვიდრეობა არ იყოს სამუზეუმო ექსპონატი, იყოს ცოცხალი, მოძრავი, გამდიდრებული, რომელიც ინტეგრირდება თანამედროვე ევროპულ სივრცეში საკუთარი უნიკალური თვითმყოფადობის შენარჩუნებით.


ჩვენი ასოციაცია ყველასთვის ღიაა: ქართველები, რომლებიც ვცხოვრობთ საფრანგეთში, ფრანგები, რომლებსაც აინტერესებთ ქართული კულტურა, ნებისმიერი სხვა ეროვნებისა თუ ეთნიკური წარმომადგენლები, რომლებიც გრძნობენ ქართულ მემკვიდრეობასთან სიახლოვეს და ზრდასრული აუდიტორია ბავშვებთან ერთად.


ჩემი მიზანია გავაერთიანო საფრანგეთში მცხოვრები ქართველები და შევქმნა ერთიანი, ძლიერი საზოგადოება. ჩვენს ასოციაციაში ინკლუზიური გარემოა, სადაც ჩვენ ყველანი ვართ დიდი იდეის შემადგენელი დეტალები და  ერთიანობით ვქმნით სრულყოფილ სურათს. ფრანგულ საზოგადოებასთან მიმართებაში ჩვენი მიზანია არა იზოლაცია, არამედ ინტეგრაცია. ღია ვართ ფრანგი მეგობრებისთვის და ვცდილობთ ქართული კულტურა წარვადგინოთ, როგორც ერთიანი ევროპული კულტურული მოზაიკის გამორჩეული და უნიკალური ნაწილი.


  • ენობრივი ბარიერი: ვგეგმავთ ფრანგული ენის სწავლების პროცესის ორგანიზებას ჩვენი წევრებისთვის.
  • რესურსების შეზღუდვა: ვმუშაობთ მოხალისეობრივი სულისკვეთებით, თუმცა ვგეგმავთ სხვადასხვა გზით ფინანსური მხარდაჭერის მოძიებას.

გრძელვადიანი პერსპექტივით ვგეგმავთ ქართული კულტურული ცენტრის შექმნას და ახალგაზრდა თაობისთვის ქართული ენისა და კულტურის გადაცემას.


  • საფრანგეთისთვის: ქართული კულტურა არის ნამდვილი საჩუქარი ფრანგული კულტურული მრავალფეროვნებისთვის და ვგეგმავთ ეს ყველაფერი რეალობად ვაქციოთ.
  • საქართველოსთვის: ჩვენ ვართ კულტურის დესპანები ევროპაში. ყოველი ჩვენი ღონისძიება არის საქართველოს ღირსეული წარდგენა და მისი ღირებულებების გაზიარება.

  • ჩვენი დევიზი

    “Qartuli Héritage” საფრანგეთში არ არის მხოლოდ ნოსტალგია წარსულზე, არამედ ინვესტიცია მომავლისთვის.
გააზიარე !
Shares
Scroll to Top