ზოგადი მიმოხილვა
ევროკავშირში თავშესაფრის მაძიებელთა რაოდენობა მუდმივად მზარდია და რეკორდულ მაჩვენებლებს აღწევს. Eurostat-ის მონაცემების მიხედვით, 2024 წელს თავშესაფრის მაძიებელთა 76% მოდის გერმანიაზე, ესპანეთზე, იტალიასა და საფრანგეთზე.
ბოლო წლების სტატისტიკით, საფრანგეთში თავშესაფრის მოთხოვნის ჯამური რაოდენობა იყო:
- 2022 წ. – 137,510 ადამიანი
- 2023 წ. – 145,055 ადამიანი
- 2024 წ. – 130,860 ადამიანი

2024 წელს საქართველო თავშესაფრის მაძიებელთა ათეულში მე-10 ადგილზეა. Asylumineurope-ის მონაცემების მიხედვით, საქართველოს მოქალაქეებზე უარყოფითი მაჩვენებელი გახლავთ 93.3%, ხოლო დადებითი პასუხი მიიღო მხოლოდ 6.7%-მა, საიდანაც:
- ლტოლვილის სტატუსი – 2.5%
- სუბსიდირებული დაცვა – 4.2%
თავშესაფრის მოთხოვნის ძირითადი მოტივები:
- პოლიტიკური
- ოჯახური ძალადობა
- LGBTQ+
- ეთნიკური წარმომავლობა / რელიგიური ფაქტორი
რადგან OFPRA ჯანმრთელობის პრობლემების საქმეებს არ განიხილავს, აღნიშნულ საკითხს ამ სტატიაში არ შევეხებით.
დოსიეს მტკიცებულებების დაბალი შანსის მიზეზები
თუ გავიაზრებთ ზემოთ მოყვანილ მონაცემებს, საქართველოს მოქალაქეებისთვის დადებითი პასუხის შანსი ძალიან დაბალია. შესაბამისად, არარელევანტური მოტივის შერჩევა კიდევ უფრო ამცირებს შესაძლებლობას.
საფრანგეთში საქართველოს მოქალაქეთა თავშესაფრის განაცხადების დაკმაყოფილების დაბალი მაჩვენებლის ერთ-ერთი მთავარი მიზეზი არის ის, რომ საქართველო ოფიციალურად შედის „უსაფრთხო წარმოშობის ქვეყნების“ სიაში (liste des pays d’origine sûrs), რომელიც OFPRA-სა და Conseil d’État-ის მიერ რეგულარულად განახლებადია.
ეს ნიშნავს, რომ საქართველოს მოქალაქეების მიმართ საწყისი შეფასება უკვე ნეგატიურია, ხოლო პოლიტიკური ან პერსონალური დოსიეს დამაჯერებლობის დამტკიცება გაცილებით რთულია.
პრაქტიკაში ეს იწვევს შემდეგს:
- განაცხადების უდიდეს ნაწილს (93.3%) ეწოდება „ნეგატივი“.
- „პოზიტივის“ სტატუსის შანსი მხოლოდ რამდენიმე პროცენტს შეადგენს (Refugee Status ან Subsidiary Protection).
საქართველოს მოქალაქეების მიერ საფრანგეთში შეტანილი დოსიეები საჭიროებს:
- პირადი გარემოებების მკაფიო და დამაჯერებელ წარმოდგენას
- ძლიერ სამართლებრივ მხარდაჭერას, რათა გადალახოს წინასწარ არსებული ბარიერი.
დოსიეების კატეგორიები, სადაც შანსები მატულობს

- ოჯახური ძალადობა, დევნა ან/და შევიწროება
- სექსუალური ორიენტაცია ან გენდერული იდენტობა (LGBTQ+), რაც ქმნის პირად ან ჯგუფურ დევნას სამშობლოში.
პოლიტიკური მოტივი და ეთნიკური წარმოშობა, მიუხედავად სუბიექტური მნიშვნელობისა, საქართველოს კონტექსტში იშვიათად აღიქმება საკმარის საფუძვლად. პროცენტული შეფასებები პრაქტიკული დაკვირვების შედეგადაა და არ წარმოადგენს ოფიციალურ გარანტიას:
- პოლიტიკური მოტივი: ~5%
- ოჯახური ძალადობა: ~50%
- LGBTQ+: ~40%
- ეთნიკური წარმოშობა: ~5%
ყველაზე მაღალი შანსი აქვთ LGBTQ+ და ოჯახური დევნის დოსიეებს, რადგან საფრანგეთში ეროვნული პოლიტიკა აღიქვამს პირად უსაფრთხოებასა და დისკრიმინაციის მაღალ რისკს.
დოკუმენტაციის და მტკიცებულებების სირთულე
საფრანგეთში საქართველოს მოქალაქეების თავშესაფრის განაცხადების დამტკიცების ძირითადი ბარიერი ხშირად სწორედ დოკუმენტაციის და მტკიცებულებების ნაკლებობაა.
- განაცხადში წარმოდგენილი ინფორმაცია უნდა იყოს იურიდიულად აღიარებული და დამაჯერებელი.
- OFPRA ყურადღებით იკვლევს თითოეულ ფაქტს, რომელიც დევნას, შევიწროებას ან სხვა საფრთხეს უკავშირდება.
პრაქტიკაში ეს ართულებს პროცესს შემდეგი მიზეზებით:
- სუბიექტური ფაქტორები – ბევრი დოსიე ეფუძნება პირად გამოცდილებას, რომელიც მხოლოდ სიტყვიერად ან არასისტემატურად არის აღწერილი; OFPRA-ს თვალსაზრისით, ეს საკმარისი მტკიცებულება არ არის.
- დოკუმენტური შეზღუდვები – პოლიციის, სასამართლოს ან სამთავრობო უწყებების ოფიციალური ცნობები ხშირად არ არსებობს ან ვერ წარმოადგინება, განსაკუთრებით იმ რეგიონებიდან, სადაც ადმინისტრაციული მხარდაჭერა შეზღუდულია.
- მტკიცებულების სანდოობის მაღალი სტანდარტი – OFPRA განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს მტკიცებულებების სანდოობასა და შესაბამისობას.
შედეგად, მიუხედავად იმისა, რომ ოჯახური ძალადობისა და LGBTQ+ დოსიეებს უფრო მაღალი შანსი აქვთ, პოლიტიკური მოტივით დოსიეს მიღება პრაქტიკულად შეუძლებელია და უარყოფითი გადაწყვეტილების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი აქვს (~95%).
სუბიექტური ფაქტორები
გარდა ადმინისტრაციული ბარიერებისა, დამტკიცების პროცესს არც მაძიებელთა სუბიექტური წარმოდგენები ამარტივებს:
- ზერელე დამოკიდებულება: აპლიკანტები ხშირად ვრცელებენ არასწორ ინფორმაციას თავშესაფრის პროცესის რეალურ შანსებზე, რაც მცდარია დღევანდელი მონაცემებით („უსაფრთხო ქვეყნების“ სიაში ყოფნა და მკაცრი სამართლებრივი სტანდარტები).
- სუბიექტური მიდგომა: აპლიკანტები ცალმხრივად თვლიან, რომ მათ მიერ წარმოდგენილი დოკუმენტები საკმარისია. ხელთ არსებული ფაქტები კი იურიდიულად აღიარებული და დამაჯერებელი არ არის.
სამწუხარო შედეგი:
- პოლიტიკური ნიშნით თავშესაფრის მაძიებელთა უმეტესობა ოჯახებია, რომელთაც შეზღუდული აქვთ თავშესაფრის მოთხოვნის შესაძლებლობა სხვა მიზეზებით.
- შედეგად, ვღებულობთ მცირეწლოვანი ბავშვებით არალეგალურად მყოფ თანამოქალაქეებს, რისთვისაც ან მორალური მზაობა უნდა ჰქონდეთ, ან მზად იყვნენ მსგავსი რისკებისთვის.
დასკვნა
საფრანგეთში თავშესაფრის მოთხოვნა კომპლექსური პროცესია, რომლის წარმატებით დასრულება დიდწილად დამოკიდებულია საქმის სწორად მომზადებაზე. Eurostat-ისა და Asylumineurope-ის სტატისტიკა, რომელიც სტატიაშია მოყვანილი, გვაიძულებს დავფიქრდეთ, თუ რა რისკების წინაშე ვდგავართ და ზერელედ არ მოვეკიდოთ დოსიეს შერჩევასა და შედგენას.
არასწორი მოლოდინები და ზერელე დამოკიდებულება ხშირად მძიმე შედეგებს იწვევს, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საქმე ოჯახებს ეხება. ამიტომ, ყველა მაძიებელმა უნდა გაითვალისწინოს არსებული რეალობა და მოემზადოს სირთულეებისთვის. ამგვარად, მცირდება არა მხოლოდ წარუმატებლობის რისკი, არამედ შესაძლო გაუმართლებელი იმედგაცრუებაც.
თუ გაინტერესებთ მეტი თავშესაფრის მაძიებლის პირველი ნაბიჯებისა და OFPRA-ში გასაუბრების გზამკვლევი, შეგიძლიათ გაეცნოთ ჩვენს სტატიებს:
კატეგორიის სხვა სიახლეები