
ქალთა მეწარმე ქალების ასოციაცია “ავე” – ახალი პლატფორმა მეწარმე ქალებისთვის პარიზში
1 ივნისს, პარიზში, რესტორან „ქვევრში“ გაიმართა ქალთა მეწარმე ქალების ასოციაცია “ავე”-ს პრეზენტაცია. ეს ახალი ინიციატივა მიზნად ისახავს ხელი შეუწყოს მეწარმე ქალების საქმიანობის განვითარებას, მათი პროდუქციისა და სერვისების პოპულარიზაციას და რეალიზაციის გაძლიერებას საფრანგეთში.
ასოციაცია “ავე” ქალებს სთავაზობს უნიკალურ შესაძლებლობას – საკუთარი პროდუქციის სტენდების განთავსებას სხვადასხვა ქართულ რესტორანში პარიზის მასშტაბით. ეს ინიციატივა საშუალებას მისცემს მეწარმე ქალებს თავიანთი ნაწარმი წარადგინონ ფართო საზოგადოებისთვის და ერთდროულად მოახდინონ როგორც ბრენდის პოპულარიზაცია, ასევე რეალური გაყიდვები.
როგორც ასოციაციის წარმომადგენლები აცხადებენ, “ავე” არის სოლიდარობის, თანამშრომლობისა და პროფესიული განვითარების სივრცე, სადაც ქალები ერთმანეთს უზიარებენ გამოცდილებას, იზიარებენ იდეებს და ერთობლივად ქმნიან ახალ შესაძლებლობებს.
ღონისძიებაზე შეკრებილ სტუმრებს ჰქონდათ შესაძლებლობა დაეთვალიერებინათ რამდენიმე მეწარმე ქალის ნამუშევრები, დაეგემოვნებინათ ქართული ღვინო და კერძები, გაეცნოთ ასოციაციის სამომავლო გეგმებს და ჩართულიყვნენ დისკუსიაში ქალთა ეკონომიკური გაძლიერების მნიშვნელობაზე.
“ავე” უკვე გეგმავს სხვადასხვა ტიპის თემატურ ღონისძიებებს, ბაზრობებს, სამუშაო შეხვედრებსა და ტრენინგებს, რაც კიდევ უფრო განამტკიცებს ქალთა როლს მეწარმეობაში და ქართულ დიასპორაში.
