2025 წლის 5-9 მარტს, საქართველოს ეროვნული კინოცენტრის ინიციატივით, პარიზის სინემათეკის მიერ ორგანიზებული ფესტივალის “მთელი სამყაროს მეხსიერება“-ს ფარგლებში, ქართული ფილმების ჩვენება გაიმართება.
მაყურებელს ექნება საშუალება გაეცნოს ქართულ კინო მემკვიდრეობას და იხილოს გამოჩენილი რეჟისორების გასული საუკუნის 20-იან წლებში გადაღებული კინო.
“ქართული მუნჯი კინოს ხუთი მარგალიტი” – ფესტივალის ამ კატეგორიაში ნაჩვენები იქნება ალექსანდრე წუწუნავას „ვინ არის დამნაშავე?“ (1925 წელი), ნიკოლოზ შენგელაიას „ელისო“ (1928 წელი), კოტე მიქაბერიძის „ჩემი ბებია“ (1929 წელი), მიხეილ ჭიაურელის „ხაბარდა“ (1931 წელი) და ალექსანდრე წუწუნავას „ჯანყი გურიაში“ (1928 წელი).
გარდა ამისა, ფესტივალის ფარგლებში ნაჩვენები იქნება გიორგი შენგელაიას „ფიროსმანი“, რომელიც რეჟისორმა 1969 წელს გადაიღო.
ფესტივალზე წარდგენილი ოთხი ფილმი საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივის ლაბორატორიაში, კინოფოტოფონო არქივის დირექტორმა გიორგი კაკაბაძემ აღადგინა, ხოლო ერთ ფილმს რესტავრაცია იუნესკო-ს ფონდის ფინანსური მხარდაჭერით ჩაუტარდა.
ფილმები ნაჩვენები იქნება საფრანგეთის სინამათეკასა და ფესტივალის პარტნიორის, ჟერომ სედუ პატეს ფონდის დარბაზებში. ფონდი თავად ფლობს მუნჯი ფილმების კოლექციას.
ფილმების მოკლე ანოტაციები განთავსებულია საფრანგეთის სინემათეკის ვებგვერდზე
ფესტივალის ფარგლებში, სხვადასხვა კატეგორიაში ნაჩვენები იქნება ასობით რესტავრირებული ფილმი სხვადასხვა ქვეყნიდან.
