
თავშესაფრის სისტემა და ტიპები საფრანგეთში.
ყველაზე მნიშვნელოვანი, რაც უნდა იცოდეთ
თავშესაფრის მოთხოვნისას თქვენ გადიხართ საერთაშორისო დაცვის ორ ფორმას: ჯერ განიხილება თავშესაფრის (asile) მინიჭების შესაძლებლობა, ხოლო თუ ამ კრიტერიუმებს ვერ აკმაყოფილებთ, მოწმდება სუბსიდიარული დაცვის (protection subsidiaire) შესაძლებლობა. განაცხადის პროცედურა ერთი და იგივეა.
განაცხადის პროცესებზე შეგიძლიათ გაეცნოთ ჩვენს სტატიებს:
პირველი ნაბიჯები თავშესაფრის მაძიებლისთვის
გასაუბრება OFPRA-ში – გზამკვლევი
მოთხოვნა ეტაპობრივად გადის: ჯერ რეგისტრაცია პრეფექტურაში და დროებითი პირადობის მოწმობის (attestation de demandeur d’asile) მიღება. შემდეგ — დოსიეს შევსება, ფორმების გაგზავნა ლტოლვილთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა დაცვის ფრანგულ სამმართველოში – ოფპრა (Office français de protection des réfugiés et apatrides — OFPRA), ინტერვიუს გავლა და შესაძლო აპელაცია თავშესაფრის საკითხთა ეროვნულ სასამართლოში (Cour nationale du droit d’asile — CNDA). საშუალოდ, პროცედურა 8 თვიდან 2 წლამდე გრძელდება, აპელაციების ჩათვლით.
არსებობს დუბლინის პროცედურაში მოხვედრის რისკი. ეს ნიშნავს, რომ საფრანგ შეიძლება არ განიხილოს თქვენი მოთხოვნა, თუ ევროკავშირის სხვა ქვეყანა გადაკვეთეთ ან იქ მოითხოვეთ თავშესაფარი. ამან შეიძლება პროცესი გააჭიანუროს და ტრანსფერით დასრულდეს.
სანამ გადაწყვეტილებას ელოდებით, თქვენ საფრანგეთში ლეგალურად იმყოფებით და გაქვთ წვდომა თავშესაფარზე, ფინანსურ დახმარებაზე, ადმინისტრაციულ რეგისტრაციაზე, სამედიცინო დაზღვევაზე და ბავშვებისთვის განათლების უფლებაზე. მაგრამ თავი არ უნდა მოიტყუოთ, თუ საკუთარი სახსრებით არ ცხოვრობთ და მიღების მატერიალურ პირობებს იყენებთ, საუბარია მინიმალურ ჰუმანიტარულ დახმარებაზე და არცთუ სასიამოვნო პირობებზე.
თუ სტატუსს მიიღებთ, გექნებათ გრძელვადიანი ბინადრობის ნებართვა (4 ან 10 წლით), თითქმის სრული უფლებები საფრანგეთის მოქალაქეებთან თანაბრად (გარდა საარჩევნო უფლებებისა), ასევე გამარტივებული წვდომა მოქალაქეობაზე.
სტატუსის მიღების შემდეგაც კი, თქვენ არ შეგიძლიათ დაუბრუნდეთ წარმოშობის ქვეყანას და დაუკავშირდეთ მის ხელისუფლებას. ეს აკრძალვები მხოლოდ საფრანგეთის მოქალაქეობის მიღების შემდეგ იხსნება.
თუ ორმაგი მოქალაქეობა გაქვთ, სავარაუდოდ, ვერ შეძლებთ განაცხადის შეტანას: საფრანგეთმა შესაძლოა ჩათვალოს, რომ მეორე მოქალაქეობის ქვეყანამ უნდა უზრუნველყოს თქვენი დაცვა.
საერთაშორისო დაცვის ტიპები
არსებობს საერთაშორისო დაცვის (protection internationale) ორი ტიპი: თავშესაფარი (asile) და სუბსიდიარული დაცვა (protection subsidiaire). განაცხადის პროცედურა ერთიანია. საერთაშორისო დაცვის ყველა მაძიებელი თავდაპირველად მოწმდება თავშესაფრის კრიტერიუმებთან შესაბამისობაზე. თუ ამ კრიტერიუმებს არ აკმაყოფილებენ, ტარდება სუბსიდიარული (მეორადი) დაცვის მინიჭების შესაძლებლობის შემოწმება.
თავშესაფარი
თავშესაფრის უფლება ადამიანის ძირითადი უფლებაა, რომელიც აღიარებულია ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციით, ევროკავშირის ძირითადი უფლებების ქარტიით და ჟენევის კონვენციით.
საფრანგეთში თავშესაფრის მინიჭების სამი განსხვავებული საფუძველი არსებობს:
- საფუძველი 1. ყველაზე გავრცელებული ტიპის საერთაშორისო დაცვა, რომელსაც საფრანგეთი აღიარებს, არის საკონვენციო თავშესაფარი 1951 წლის 27 ივლისის ჟენევის კონვენციის საფუძველზე, რომელიც შეცვლილია 1967 წლის პროტოკოლით და წარმოიშვა ცივი ომის კონტექსტში. საჯარო ხელისუფლება დევნის ავტორად ითვლება, ხოლო მათი მსხვერპლები საერთაშორისო დაცვას იმსახურებენ. გამსვლელი კანდიდატი პირადად და ფიზიკურად ექვემდებარება საფრთხეებს თავისი პოლიტიკური შეხედულებების გამო.
ითვლება ლტოლვილად: „პირი, რომელსაც აქვს დასაბუთებული საფუძველი, ეშინოდეს დევნის:
- წარმოშობის,
- რელიგიის,
- ეროვნების,
- გარკვეული სოციალური ჯგუფისადმი კუთვნილების,
- ან პოლიტიკური შეხედულებების გამო, და იმყოფება იმ ქვეყნის ფარგლებს გარეთ, რომლის მოქალაქეც არის, და არ შეუძლია ან ასეთი შიშის გამო არ სურს ისარგებლოს ამ ქვეყნის დაცვით“.
- საფუძველი 2. საფრანგეთში ასევე არსებობს კონსტიტუციური თავშესაფარი, რომელიც შეიძლება მიენიჭოს „ნებისმიერ პირს, რომელიც დევნილია თავისუფლების სასარგებლოდ მოქმედებების გამო“ (მუხლი L. 711-1 CESEDA). ეს შეიძლება იყოს, მაგალითად, პოლიტიკური ან პროფკავშირული აქტივისტი, ჟურნალისტი, მხატვარი ან ინტელიგენციის წარმომადგენელი, რომელსაც საფრთხე ემუქრება თავის ქვეყანაში დემოკრატიისადმი ერთგულების გამო. თუმცა, დაცვის ასეთი საფუძველი იშვიათია.
- საფუძველი 3. გაეროს უმაღლესი კომისარიატის ლტოლვილთა საკითხებში (Haut Commissariat des Nations Unies pour les Réfugiés — HCR) დაცვის მანდატი შეიძლება მიენიჭოს უცხოელ მოქალაქეებს. თუ მათ მიიღეს თავშესაფარი თავიანთ ქვეყანაში ყოფნისას (ანუ ლტოლვილთა ბანაკში), მაგრამ იქ დარჩენა აღარ შეუძლიათ. დაცვის ასეთი საფუძველი საფრანგეთში იშვიათია.
სუბსიდიარული დაცვა
თუ თქვენ არ აკმაყოფილებთ თავშესაფრის მინიჭების პირობებს, თქვენი განაცხადი ავტომატურად იქნება განხილული სუბსიდიარული დაცვის კრიტერიუმებთან შესაბამისობაზე.
მუხლი L. 712-1 CESEDA ამბობს, რომ:
„სუბსიდიარული დაცვა ენიჭება ნებისმიერ პირს, რომელიც არ აკმაყოფილებს ლტოლვილად აღიარების პირობებს და რომლის მიმართაც არსებობს სერიოზული და დადასტურებული საფუძვლები იმის დასაჯერებლად, რომ მას მის ან მის ქვეყანაში ექნება რეალური საფრთხე ერთ–ერთი შემდეგი სერიოზული ზიანის მიყენების:
ა) სიკვდილით დასჯა;
ბ) წამება ან არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობა ან სასჯელი;
გ) სამოქალაქო პირის შემთხვევაში — სერიოზული და ინდივიდუალური საფრთხე მის სიცოცხლეს ან პიროვნებას ძალადობის შედეგად, რომელიც შეიძლება მიმართული იყოს პირების წინააღმდეგ, მათი პირადი მდგომარეობის მიუხედავად, და რომელიც შიდა ან საერთაშორისო შეიარაღებული კონფლიქტის სიტუაციის შედეგია“.
ამ შემთხვევაში განიხილება არა პერსონიფიცირებული დევნა, არამედ თქვენი საცხოვრებელი რეგიონის ბრმა საფრთხე (ქალაქის რაიონამდე, როგორც, მაგალითად, ჩრდილოეთ დაკარის შემთხვევაში). OFPRA და CNDA იყენებენ რეგიონების რეიტინგს მშვიდობიანი მოსახლეობის მიმართ განურჩეველი ძალადობის სიმკვრივის პროცენტებით.
საერთაშორისო დაცვის სტატუსის დადებითი და უარყოფითი მხარეების შეფასება
განაცხადის შეტანის დადებითი მხარეები
- საფრანგეთში ლეგალურად ყოფნის უფლება განაცხადის განხილვის დროს. საერთაშორისო დაცვის მოთხოვნის რეგისტრაციით, თქვენ ლეგალიზებას უკეთებთ საზღვრის არალეგალურ გადაკვეთასაც კი. ასევე მიიღებთ ბინადრობის ნებართვას — attestation de demandeur d’asile (თავშესაფრის მოთხოვნის შესახებ განცხადების ცნობა, ხშირად მოიხსენიება როგორც რესეპისე (récépissé) სხვადასხვა მოქმედების ვადით, პროცედურის მიხედვით. ის გაძლევთ უფლებას, კანონიერად იმყოფებოდეთ საფრანგეთში. ზოგიერთ სიტუაციაში ეს ცნობა შეიძლება გაუქმდეს.
- მიღების მატერიალურ პირობებზე უფლება. სანამ განაცხადი განიხილება, თქვენ გექნებათ წვდომა საგანგებო თავშესაფარში ცხოვრებასა და თავშესაფრის მაძიებლის დახმარებაზე. ის გამოითვლება ოჯახის წევრების რაოდენობის მიხედვით და დამოკიდებულია უფასო საცხოვრებლის არსებობაზე. ეს პირობები შეიძლება უარყოფილი ან გაუქმებული იყოს ზოგიერთ შემთხვევაში. გაითვალისწინეთ, რომ ზოგიერთ რეგიონში, განსაკუთრებით პარიზის (Ile-de-France), თავშესაფრის მაძიებელთათვის თავშესაფრების უზრუნველყოფის სისტემა (dispositif national d’accueil des personnes demandant asile — DNA) გადატვირთულია. შესაძლოა, მაშინვე ვერ მოგძებნონ ადგილი.
- ადმინისტრაციულ რეგისტრაციაზე, სოციალურ და იურიდიულ დახმარებაზე უფლება პროცედურის დროს. ფიქსირებული საფოსტო მისამართი საჭიროა სახელმწიფო ორგანოებისგან კორესპონდენციის მისაღებად.
- სამედიცინო დაზღვევაზე უფლება, მაგრამ მხოლოდ საფრანგეთში სტანდარტულად 3 თვის ცხოვრების შემდეგ. არასტანდარტულ სიტუაციაში, თუკი სასწრაფო, გადაუდებელი სამედიცინო ჩარევაა აუცილებელი, შესაძლოა პროცესი დაჩქარდეს, ან სამედიცინო დაწესებულება PASS განყოფილების დახმარებით მიიღოთ საჭირო სამედიცინო დახმარება.
- მუშაობის უფლება. თუ თქვენს განაცხადზე პასუხი 6 თვის განმავლობაში არ მიგიღიათ მისი რეგისტრაციიდან, თქვენს დამსაქმებელს შეუძლია თქვენთვის სამუშაო ნებართვა მოითხოვოს (ყველაზე რთულია ასეთი დამსაქმებლის პოვნა). თქვენ ასევე შეგიძლიათ მიიღოთ პროფესიული განათლება, მაგრამ უფლებრივი თვალსაზრისით, ვერ ჩაირიცხებით უნივერსიტეტში (გარდა სპეციალური პროგრამისა DU Passerelle ზოგიერთ უნივერსიტეტში). მაინც ღირს ცდა, რადგან ადგილობრივ დონეზე თავშესაფრის მაძიებლებისადმი ლოიალური დამოკიდებულება შეიძლება იყოს, ჩამოთვლილი უფლებებს თამამად შეიძლება ვუწოდოთ – ცდა ბედის მონახევრეა.
- თქვენი შვილების სწავლების უფლება. მიუხედავად იმისა, თავშესაფრის მაძიებელი ხართ თუ ლტოლვილი, თქვენს შვილებს აქვთ უფლება, მიღებულნი იყვნენ საგანმანათლებლო დაწესებულებებში თქვენი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
- პირადი და ოჯახური ცხოვრების თავისუფლება, მაგალითად, ქორწინებისა და PACS-ის უფლება (თუმცა არასტაბილური სტატუსი ართულებს პროცესს).
სტატუსის მიღების დადებითი მხარეები
- თუ ლტოლვილის სტატუსი მიიღეთ, გეძლევათ რეზიდენტის ბარათი 10 წლით, ხოლო თუ სუბსიდიარული დაცვა, მაშინ ბინადრობის ნებართვა 4 წლით. ორივე შემთხვევაში მათი გაგრძელება შესაძლებელია. ბინადრობის ნებართვის პირველი გაგრძელების ნაცვლად, შეგიძლიათ მოითხოვოთ რეზიდენტის ბარათი 10 წლით, გარკვეული პირობების დაკმაყოფილების შემთხვევაში.
- საერთაშორისო დაცვის მიღებისას თქვენი სტატუსი მაქსიმალურად ახლოსაა მოქალაქეობასთან. განსხვავება მდგომარეობს ხმის მიცემის უფლების არარსებობაში, ამასთანავე ყველა სხვა უფლება გაქვთ. მაგალითად, აღარ გჭირდებათ საფრანგეთის ტერიტორიაზე 5 წელი ლოდინი, რათა ზოგიერთ დახმარებაზე, მათ შორის RSA-ზე, განაცხადი შეიტანოთ. ასევე, თქვენს ქვეყანასთან საერთაშორისო კონვენციებით ნაკისრი ვალდებულებების ურთიერთშესრულებასთან დაკავშირებული შეზღუდვები თქვენზე აღარ ვრცელდება. ასევე, არავითარ შემთხვევაში არ შეიძლება თქვენი გაძევება წარმოშობის ქვეყანაში ოფპრას (OFPRA) განხილვის პერიოდში, სანამ CNDA ქვეყბის დატოვების ვალდებულება არ მოგივათ (OQTF)
- თქვენ მიიღებთ უფლებას დაჩქარებულ წვდომაზე მოქალაქეობაზე (ენის დონის, ცხოვრების ვადის და შემოსავლის მიმართ დაბალი მოთხოვნების შემოწმების გარეშე).
განაცხადის შეტანის უარყოფითი მხარეები
- მაღალი მიმართვიანობის გამო მიღების პირობები, თავშესაფრების მდგომარეობისა და სოციალური დახმარების ხარისხის ჩათვლით, მსუბუქად რომ ვთქათ: უკეთესს სასურველს ტოვებს. ზოგიერთ რეგიონში, მაგალითად პარიზსა და ლიონში, თავშესაფარში ადგილის მიღების ალბათობა ძალიან მცირეა, რადგან ეს სექტორი გადატვირთულია.
- შედეგის გაურკვევლობა. უარის თქმის პროცენტი ძალიან მაღალია.
- წარმოშობის ქვეყანაში დაბრუნების აკრძალვა, ადმინისტრაციულ ორგანოებთან კონტაქტის აკრძალვა, მათ შორის საელჩოსთან კონტაქტი. სანამ თავშესაფრის მაძიებელი ხართ ან მისი ერთ-ერთი სტატუსის ბენეფიციარი, არ შეგიძლიათ დაუკავშირდეთ თქვენი მოქალაქეობის ქვეყანას. საკუთარ ქვეყანაში დაბრუნების შემთხვევაში რისკავთ ამ დაცვის დაკარგვას. ეს არ უნდა იყოს პრობლემა, თუ თქვენს ქვეყანაში დიდი ხნით ბრუნდებით და აღარ ხართ საფრთხეში. შეიძლება დაკარგოთ სტატუსი და მიიღოთ საფრანგეთის დატოვების განკარგულება (obligation de quitter le territoire français — OQTF), სხვა პასუხისმგებლობა გათვალისწინებული არ არის. მოქალაქეობის მიღებისას ეს შეზღუდვა იხსნება. თქვენ მოგიწევთ პასპორტის აღდგენა.
- არცთუ სასიამოვნო დუბლინის პროცედურის მაღალი ალბათობა. ის აფერხებს განცხადების შეტანას საერთაშორისო დაცვის მოთხოვნის მქონე პირთა დაახლოებით 28%-ისთვის. მოკლედ, ეს პროცესია, რომლის დროსაც წყდება, რომელმა ქვეყანამ უნდა განიხილოს თქვენი თავშესაფრის თხოვნა.
- თუ ორმაგი მოქალაქეობა გაქვთ, არ გაქვთ უფლება, მოითხოვოთ საერთაშორისო დაცვა. საერთაშორისო სამართლის წესებით, თქვენი მეორე მოქალაქეობის ქვეყანამ უნდა დაგიცვათ პირველში დევნისგან.
- ხანგრძლივი პროცედურა. ამ დროს თქვენ საკმაოდ მკაცრ პირობებში და გაურკვევლობაში იქნებითმ ასევე რთულია დაგროვილი თანხის გარეშე, შესაძლოა გარკვეული პერიოდი მოგიწიოთ ცხოვრება დახმარების გარეშემ ბულვალურად დარჩეთ ქუჩანი, ან ღამის გათევა თავშესაფრის მაძიებელთა თავშესაფრებში.
- ფსიქოლოგიურად რთული პროცედურა. გაურკვევლობა, გადაწყვეტილების მოლოდინი, მარტოობა და ბევრი თავისუფალი დრო ზრდის ღრმა დეპრესიისა და პიროვნების რღვევის რისკებს.
სტატუსის მინიჭებაზე უარის თქმა და გამორიცხვა
ეს სიტუაცია აღწერს გადაწყვეტილებებს, რომლებიც მიიღება იმ შემთხვევაში, როდესაც ადამიანი, მიუხედავად იმისა, რომ საერთაშორისო დაცვის კრიტერიუმებს აკმაყოფილებს, მას ვერ მიიღებს.
გამორიცხვა
გამორიცხვა (exclusion) საერთაშორისო დაცვიდან ნიშნავს, რომ ადამიანს უარი ეთქმება თავშესაფრის ძიების შესაძლებლობაზე. იდეა იმაში მდგომარეობს, რომ თავშესაფრის სამართლებრივი საფუძველი არ უნდა ემსახურებოდეს დამნაშავეების დაცვას, რაც მათ სასჯელის თავიდან აცილების საშუალებას მისცემს.
ჟენევის კონვენციის მუხლი 1F-ის თანახმად, გამორიცხვა გათვალისწინებულია იმ პირთათვის, რომლებმაც: ა) ჩაიდინეს დანაშაული მშვიდობის წინააღმდეგ, სამხედრო დანაშაული ან დანაშაული კაცობრიობის წინააღმდეგ საერთაშორისო ინსტრუმენტების გაგებით; ბ) ჩაიდინეს სერიოზული არაპოლიტიკური დანაშაული იმ ქვეყნის ფარგლებს გარეთ, სადაც თავშესაფარი მოითხოვეს, ლტოლვილის სტატუსის მიღებამდე; გ) ჩაიდინეს ქმედებები, რომლებიც ეწინააღმდეგება გაეროს მიზნებსა და პრინციპებს.
სუბსიდიარული დაცვის მიღებისას გამორიცხვა (მუხლი L.512-2 CESEDA) შეიძლება დაუწესდეს პირებს, რომელთა მიმართაც არსებობს საფუძვლები იმის დასაჯერებლად, რომ: ა) თავშესაფრის მაძიებლის სიტუაცია მოხვდება ჟენევის კონვენციის მუხლი 1F-ის ზემოაღნიშნულ დებულებებში, ამასთან ხაზგასმით აღინიშნება, რომ პუნქტ ბ)-ს შესაბამისად ასევე შეიძლება გათვალისწინებული იყოს საფრანგეთში ჩადენილი სერიოზული საყოველთაო დანაშაულები; ბ) განმცხადებელმა საფრანგეთში შემოსვლამდე ჩაიდინა ერთი ან მეტი დანაშაული, რომელიც არ ექვემდებარება ჟენევის კონვენციის მუხლი 1F-ის რომელიმე დებულებას, და რომლებიც დასჯადი იქნებოდა თავისუფლების აღკვეთით მათი საფრანგეთში ჩადენის შემთხვევაში, და რომ განმცხადებელმა დატოვა თავისი წარმოშობის ქვეყანა მხოლოდ ამ დანაშაულების შედეგად სასჯელის თავიდან ასაცილებლად; გ) განმცხადებლის საქმიანობა საფრანგეთის ტერიტორიაზე სერიოზულ საფრთხეს წარმოადგენს საზოგადოებრივი წესრიგისთვის, საზოგადოებრივი ან სახელმწიფო უსაფრთხოებისთვის.
სტატუსის მინიჭებაზე უარი
საუბარია მოთხოვნის განხილვაზე უარის თქმაზე ან უკიდურეს შემთხვევაში, უკვე მიღებული სტატუსის გაუქმებაზე, ქვემოთ ჩამოთვლილი მიზეზების გამო.
ეს არ უნდა აგერიოთ თავშესაფრის მიღების საფუძვლების არასაკმარისობის გამო უარში, რომელიც მიღებულია OFPRA-ში დოსიეს განხილვის შემდეგ.
მუხლი L.511-7 CESEDA-ს თანახმად, ლტოლვილის სტატუსის მინიჭებაზე უარი (refus) შეიძლება ითქვას:
- თუ არსებობს სერიოზული საფუძვლები იმის დასაჯერებლად, რომ თავშესაფრის მაძიებლის ყოფნა საფრანგეთში სერიოზულ საფრთხეს წარმოადგენს სახელმწიფო უსაფრთხოებისთვის;
- თუ პირი საფრანგეთში ნასამართლევი იყო დანაშაულისთვის ან სამართალდარღვევისთვის, რომელიც ტერორიზმის აქტია ან დასჯადია 10 წლით თავისუფლების აღკვეთით, და მისი ყოფნა სერიოზულ საფრთხეს წარმოადგენს საზოგადოებისთვის.
ლტოლვილის სტატუსი შეიძლება შეწყდეს იმავე მიზეზებით. ეს არის ზოგადი წესები. ისინი ეხება საერთაშორისო დაცვის ყველა ტიპს. სუბსიდიარული დაცვა ასევე შეიძლება შეჩერდეს ომის/კონფლიქტის შეწყვეტის ან სხვა მიზეზების შეწყვეტის შემთხვევაში, რომლებმაც განაპირობეს დაცვა.
დასკვნა
საერთაშორისო დაცვის მოთხოვნა სერიოზული გადაწყვეტილებაა, რომელიც მთელ თქვენს ცხოვრებას ცვლის. ის ხსნის წვდომას უფლებებსა და დაცვაზე საფრანგეთის ტერიტორიაზე, მაგრამ დაკავშირებულია ხანგრძლივ და რთულ პროცედურასთან, რომელიც სავსეა გაურკვევლობით, შეზღუდვებითა და ფსიქოლოგიური დაძაბულობით. ეს არ არის უბრალოდ საფრანგეთში დარჩენის საშუალება, არამედ განცხადება იმის შესახებ, რომ თქვენი სახელმწიფო არ გიცავთ და იძულებული ხართ, უსაფრთხოება სხვა ქვეყანაში ეძებოთ.
ასეთი მოთხოვნის შეტანამდე მნიშვნელოვანია, გონივრულად შეაფასოთ თქვენი სიტუაცია, მოემზადოთ შესაძლო სირთულეებისთვის და გაიგოთ ლეგალური ყოფნის სხვა ხელმისაწვდომი ფორმების შესახებ. მაგრამ თუ თქვენ მართლაც საფრთხეში ხართ და არ შეგიძლიათ სახლში დაბრუნება, საერთაშორისო დაცვა რჩება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან ინსტრუმენტად — მიუხედავად ყველა მისი სირთულისა.
ხშირად დასმული კითხვა:
რა შემთხვევაში ან/და რა სტატუსის შემთხვევაში შემიძლია საქართველოში დაბრუნება?
ოფიციალური გზებით სამშობლოში დაბრუნება შესაძლებელია მხოლოდ ჯანმრთელობის მდგომარეობით (MALADIE) მიღებული საბუთის და საფრანგეთის მოქალაქეობის მიღების შემდეგ.
არაოფიციალური გზებით „გაპარვის“ ბევრი შემთხვევაა, მაგრამ რისკები ძალიან მაღალია. ამ გადაწყვეტილების მიღებამდე გირჩევთ კარგად აწონ-დაწონოთ თქვენი გადაწყვეტილება.
Entry/Exit System (EES) სისტემის ამოქმედების შემდეგ არაოფიციალური გზებით მიმოსვლის საფრთხეები მნიშვნელოვნად გაიზრდება.
კატეგორიის სხვა სიახლეები